Flirtic ბლოგი


  • სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?
    June 11, 2014


    ”ერთხელ ადამიანი, ცხენი და ძაღლი გზად მიდიოდნენ. ერთ უზარმაზარ ხეს რომ ჩაუარეს, ხეს მეხი დაეცა და სამივემ ერთად განუტევა სული. თუმცა ადამიანი მაშინვე ვერ მიხვდა, რომ ეს სამყარო მაიტოვა და თავის ცხენთან და ძაღლთან ერთად გზა განაგრძო. ზოგჯერ მიცვალებულებს რაღაც დრო სჭირდებათ, რომ თავიანთი სიკვდილი გააცნობიერონ… გზა შორი იყო, თანაც აღმართს აუყვებოდა. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა და სამივე სიცხესა და წყურვილს გაეთანგა. მოსახვევს რომ გასცდნენ, მარმარილოს დიდებული პორტალი დაინახეს, მის უკან კი ოქროთი მოკირწყლული მოედანი. მოედნის შუაგულში შადრევნიდან ცივი და სუფთა წყალი გადმოჩქეფდა. მოგზაური შესასვლელის მცველისკენ გაემართა: _ გამარჯობა! _გაგიმარჯოს! _რა ჰქვია ამ მშვენიერ ადგილს? _სამოთხე. _რა კარგია, რომ სამოთხემდე მოვაღწიეთ, ძალიან გვწყურია. _შეგიძლია შეხვიდე და იმდენი დალიო, რამდენიც გინდა. _ჩემი ცხენი და ძაღლიც წყურვილით იხოცებიან. _ძალიან ვწუხვარ, მაგრამ იქ ცხოველების შეყვანა აკრძალულია,- უპასუხა მცველმა. მოგზაური შეწუხდა, წყურვილი კლავდა, მაგრამ წყლის დასალევად მარტო არ შევიდა, მცველს მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. კიდევ დიდხანს მიაბიჯებდნენ აღმართზე, ბოლოს ძალაგამოლეულებმა რაღაც დასახლება დაინახეს: გადაფერდებული და ჭიით გამოჭმული მესრის იქით მოუკირწყლავი ხეივანი მოჩანდა. ერთ-ერთი ხის ქვეშ სახეზე ქუდმიფარებული კაცი იწვა და ეტყობოდა ეძინა. _გამარჯობა! მიესალმა მგზავრი. მწოლიარემ მისალმების ნიშნად უსიტყვოდ დაუქნია თავი. _მე, ჩემი ცხენი და ძაღლი წყურვილით ვიხოცებით. _აგერ იმ ქვებს იქით წყაროა, დალიეთ, რამდენიც გენებოთ. მოგზაური, ცხენი და ძაღლი ნაკადულთან მივიდნენ და წყურვილი მოიკლეს. მერე ისევ იმ კაცთან დაბრუნდნენ მადლობის სათქმელად. _შემოიარეთ ხოლმე, ყოველთვის სიამოვნებით გაგიმასპინძლდებით,- უთხრა მან. _ხომ ვერ მეტყვი რა ჰქვია ამ ადგილს? _სამოთხე. _სამოთხე? მარმარილოს პორტალთან დარაჯმა გვითხრა, რომ სამოთხე იქ იყო. _არა, იქ სამოთხე კი არა, ჯოჯოხეთია. _თუ ასეა, რატომ არ აუკრძალავთ ტყუილის თქმას?-დაიბნა მოგზაური. _ხომ შეიძლება ამან დიდი არეულობა გამოიწვიოს? _პირიქით, დიდ სამსახურს გვიწევენ. იქ ისინი რჩებიან, ვისაც ნამდვილი მეგობრების ღალატი შეუძლია.”