Flirtic ბლოგი


  • „თავი დამანებე!” - ამ გზავნილის ვარიანტი ბევრი შეიძლება იყოს: „შემეშვი”, „ხელს ნუ მიშლი”, „ახლა არ მცალია”, „შემეშვი, მაცალე” და ა.შ. თუ ამ ფრაზებს ხშირად წარმოთქვამთ, ბავშვს უყალიბდება შვილისა და მშობლის ურთიერთობის მოდელი, რომელშიც მას სულაც არ აქვს პირველი ადგილი. შემდეგ ეს აუცილებლად აისახება მშობლებისა და წამოზრდილი შვილების ურთიერთობაზე. ყველაზე რთულ შემთხვევებში, გზავნილი „გადი აქედან, ხელს ნუ მიშლი”, ბავშვმა შეიძლება, პირდაპირ გაიგოს.
    ჯობს, უფრო მსუბუქად მიმართოთ ხოლმე ბავშვს, მშვიდად აუხსნათ, რომ ამ წუთას რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებთ. თუ ასე არ არის, მაშინ აუცილებლად მოუსმინეთ, რა სურს. იქნებ, მხოლოდ მოფერება უნდა, ან ერთი სიტყვის თქმა: „მიყვარხარ”.

     „შენ ისეთი…” - ბავშვისთვის მორგებულმა იარლიყმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. მოფერებითი ფორმითაც კი ასეთი იარლიყი მას დიდ ზიანს მიაყენებს. „სულელო”, „წუწუნა”, „ზარმაცო” - ჯობს, სულ არ გამოიყენოთ ეს სიტყვები ბავშვებთან. ან კიდევ უარესი ფორმები: „დებილო”, „შტერო” და ა.შ. მით უმეტეს, არ შეიძლება ამგვარი სიტყვების რამდენჯერმე გამეორება.
    „ნუ ტირი” - ეს მშობლების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზაა. მისი ხშირი გამეორებისას ბავშვს აგებინებთ, რომ ის განცდები თუ მოვლენები, რის გამოც ის ტირის, არ არის ნამდვილი, არ იმსახურებს ყურადღებას, უმნიშვნელოა. თუ ბავშვი ტირის, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება მისი ტირილის შესაჩერებლად, თუ უბრალოდ შეიცოდებთ, მოეფერებით და აჩვენებთ, რომ გესმით და იღებთ მის გრძნობებს. რასაკვირველია, თუ ამას მეტისმეტად ხშირი ხასიათი არ აქვს და ბავშვი მხოლოდ იმიტომ არ ტირის, რომ მორიგი ახირება „გაიტანოს”.
    „ნუთუ არ შეგიძლია, იყო როგორც..?” - მსგავსი შედარებები დასთან, ძმასთან, მეზობლის ბავშვთან თუ ვინმე სხვასთან, საკმაოდ საშიშია, რადგან გარდა იმისა, რომ ბავშვს წყენისა და ეჭვიანობის განცდას უჩენს, ნეგატიური რეაქციის პროვოცირებასაც ახდენს - პირიქით, არ გააკეთებს იმას, რასაც მისგან ითხოვთ.
    „დროზე!” - გასაგებია, რომ ეს ფრაზა ყველაზე ხშირად მაშინ ისმის, როდესაც მშობლებს ეჩქარებათ. ასეთ მომენტებში მათ მეტად უნდათ, რომ ბავშვი უფრო სწრაფად მოძრაობდეს, არ გაფანტოს ყურადღება ათას სხვა რამეზე. შეიძლება, მისმა იგივე საქციელმა უფრო წყნარ მომენტებში სულ არ გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება და ვერც კი შენიშნოთ. თუ ეს ფრაზა ხშირად ისმის გაღიზიანებული ან ბრალმდებელი ტონით, ბავშვს აიძულებთ იგრძნოს, რომ მშობელი მისით უკმაყოფილოა, რაც მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. თუ ასეთი რამ ყოველდღე მეორდება ან დღეში რამდენჯერმეც კი, ეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ.
    „ყოჩაღ!” - რა შეიძლება იყოს ცუდი ამ გავრცელებულ წამახალისებელ რეპლიკაში? თუმცა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ხშირად ვიყენებთ ამ (ან ნებისმიერ სხვა) ფრაზას შექების ნიშნად, მას ფასი ეკარგება. ბავშვი მას უკვე აღიქვამს, როგორც მექანიკურ პასუხს და ქვეცნობიერად აღარ ანიჭებს რაიმე მნიშვნელობას. ანუ მექანიკურად ნათქვამი „ყოჩაღ” მალე სულ კარგავს მის ცნობიერებაში კავშირს რაიმე შექებასთან. ჯობს, მაშინ შეაქოთ, როცა ამას მართლა იმსახურებს და ყოველ ჯერზე ეცადეთ, სხვადასხვა სიტყვები და ფრაზები გამოიყენოთ.
    „მოდი, დაგეხმარო, შენ არ გამოგდის” - ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ხშირად გამეორებული ეს ფრაზა ბავშვს წარუმატებლობაზე აპროგრამებს. ის წინასწარ მზად არის, რომ არაფერი არ გამოუვა, სანამ დედა არ გააკეთებს მის ნაცვლად. ხოლო გარკვეულ ასაკში, როცა ბავშვს დაეწყება პერიოდი „მე თვითონ”, მშობლის მიერ წარმოთქმული ჩვეული ფრაზა შეიძლება, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
    „ოღონდ დაწყნარდი და აიღე!” - თუ მკაცრ აკრძალვას ხშირად ცვლით ტანჯული ნებართვით, ბავშვს კარნახობთ, რომ ამ მეთოდით (ღნავილით, ყვირილით, ისტერიკით, კაპრიზებით) ის ყველაფერს მიაღწევს.
    „ახლავე შეწყვიტე!” - აბა, გაჩუმდი! დაწყნარდი! აბა, ვის ვუთხარი!.. ალბათ, ბავშვის გარდა სხვასთან არავისთან მიგიციათ საკუთარი თავისთვის უფლება, ასე მიგემართათ, ასე არ არის? არადა, ბავშვი, როდესაც მას ამგვარი ტონით მიმართავთ, არა მხოლოდ გინაწყენდებათ, არამედ თავს სრულიად უუფლებოდაც გრძნობს. იმის ნაცვლად, რომ „დაწყნარდეს” და „შეწყვიტოს”, პროტესტს იწყებს. ტირის, კაპრიზობს, უკვე მოზრდილი კი გიპასუხებთ: „შემეშვი” და სულ ჩაიკეტება საკუთარ თავში.
    (მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)
    წყარო  Mshoblebi.ge
  • 1. პატარა გოგონა თვლის, რომ:
    - ის არასოდეს აკოცებს ბიჭს სიყვარულის გარეშე;
    - ტუჩებში კოცნა, ეს უკვე სერიოზული ურთიერთობაა!

    - ოთახის მილაგება და ჭურჭლის გარეცხვა მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ არ იჩხუბოს დედამ;

    - მამაკაცის სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილი – თვალებია (და წამწამები!)

    - თუ ბიჭმა არ გააცილა პაემნის შემდეგ სახლში, ესე იგი, ის უვარგისია…

    2. ახალგაზრდა გოგო თვლის, რომ:

    - ის უკვე გამოცდილი ქალია;

    - ცოლადაც მხოლოდ სიყვარულით გაჰყვება და აუცილებლად ლამაზ კაბაში, ფატითა და სხვა ატრიბუტებით.

    - სახლის დალაგება მხოლოდ სტუმრების მოსვლის წინ არის აუცილებელი;

    - სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა გაიკეთო მაკიაჟი – წაისვა ტონალური კრემი, პუდრი, “რუმიანა”, 3 ფერის ჩრდილი, ტუში, თვალისა და ტუჩის ფანქარი, პომადა…

    - თუ ბიჭმა 8 მარტს ყვავილების თაიგული არ მიართვა, - ის უვარგისია;

    - მამაკაცის სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილი – ხელებია;

    - სექსი მეორე პაემანზევეა შესაძლებელი;

    - სექსი – ეს უკვე ურთიერთობაა…

    3. ახალგაზრდა ქალი თვლის, რომ:

    - ის არ დაიკავებს საქმეს ცოლიან კაცთან;

    - გარკვეულ ასაკში აუცილებელია გათხოვება, თორემ მარტო დარჩება;

    - ხოლო როცა გათხოვდება – არასოდეს დაშორდება;

    - ბავშვის გაჩენა შეიძლება… შესაძლო ვარიანტებია: როცა დაამთავრებს ინსტიტუტს; როცა ექნება საკუთარი შემოსავალი, რომ ჰქონდეს საკუთარი სახლი; როცა გაიკეთებს კარიერას.

    - მამაკაცის სხეულის ყველაზე სექსუალური ნაწილი – ტვინია;

    - პირველივე პაემანზე შესაძლებელია გქონდეს სექსი, განსაკუთრებით მას მერე, თუ კიდევ ერთ ჭიქა მოჰიტოს დალევ;

    - სახლის დასალაგებლად საკმარისია დაიქირავო დამლაგებელი.

    - თუ მამაკაცმა სექსის შემდეგ არ დაგამატა სოციალურ ქსელში მეგობრებში, ის უვარგისია;

    - სახლიდან გასვლის წინ უნდა შეიღებო ტუჩები და წამწამები, და საერთოდაც, რაც უფრო ბუნებრივია მაკიაჟი, მით უკეთესია…

    4. ზრდასრულიქალი თვლის, რომ:

    - კოცნა – ეს არ არის მიზეზი, რომ დაადანაშაულო ის ღალატში;

    - და ამასთან, ის აღარასოდეს უღალატებს მამაკაცს;

    - სერიოზულია ურთიერთობა, როცა აი, უკვე ნახევარი წელია, ერთად ცხოვრობთ და კარგად გრძნობ მასთან თავს.

    - მამაკაცის სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილი – უკანალია;

    - არ შეიძლება ასეთ ჭუჭყში ცხოვრება (ოხ, ისევ ეს ხელის ანაბეჭდები მაცივარზე!)

    - თუ მამაკაცმა გარკვეულ ასაკამდე არ მიაღწია რაიმეს (მაგალითად, არ ჰყავს მანქანა, შემოსავლის წყარო, სახლი…), ის უვარგისია…

    5. ქალი მოწიფულ ასაკში თვლის, რომ:

    - ის ვეღარასდროს ეტყვის საკუთარ თავს “აღარასოდეს”;
    რადგან ეს ფუჭად ნათქვამი სიტყვები იქნება…